საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ეხმაურება გუშინ აქციაზე დაკავებულებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და აცხადებს, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.
ქურდოვანიძის თქმით, დაკავების 24-საათიანი ვადის 48 საათამდე გახანგრძლივების წესი 2 წლის წინ შეიცვალა და კანონის მიხედვით, გახანგრძლივება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს თუ შსს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ასაბუთებს ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
მისი თქმით, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა ხშირად არა რეალური საჭიროების არამედ სადამსჯელო მიზნებით გამოიყენება.
"გუშინ დაკავებულებს, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილს და საბა ბრაჭველს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა. ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია.
თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის. ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა. თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს" - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი.
დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.
მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.