logo
ENG



ბათუმელები: სმენის არმქონე ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ვიდეოებს ჯგუფში აზიარებდნენ

05 ივნ 202321:58
3 წუთის საკითხავი
clock 7289
2023/06/05/dkpjvxtx0ajvgum.jpg

აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ ქალთა ალიანსმა მიმართა და სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილ ქმედებასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.

შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი ჰყვება, რომ მას დაუკავშირდა შშმ ქალთა უფლებების ერთ-ერთი დამცველი, აქტივისტი თათია დათაშვილი და მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩათებში.

"ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს", – აცხადებს დეა ერემაშვილი.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, გოგონებზე სექსუალურად მოძალადე კაცებიც სმენის არმქონე პირები არიან.

ბათუმელები ესაუბრა 17 წლის მოზარდსაც, რომელმაც გოგონებზე ძალადობის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა. 

მოზარდი ჰყვება, რომ მსგავსი შემთხვევები ხდებოდა ბათუმშიც, თბილისშიც და ქუთაისშიც.

"მე ამ ვიდეოების შესახებ მითხრა ერთ-ერთმა გოგონამ. როგორც გავიგე, გოგონებს სქესობრივი აქტის დროსაც უღებდნენ ვიდეოებს და შემდეგ ეს კაცები ერთმანეთს უზიარებდნენ ჩათებში. აქ საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე. როგორც მითხრეს, ეს ხდებოდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისა და ქუთაისში.

ეს ადამიანები არ არიან ამ ბავშვებისთვის უცხო პირები, "წამო წაგიყვან საშაურმეში", "გაგასეირნებ", ეუბნებიან. აძლევენ კანფეტებს, სადღაც პატიჟებენ და ისინიც ენდობიან.

ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც მსგავსი დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და არის ისეთი ვიდეოებიც, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგოებს სექსს ან სთხოვენ შიშველი კადრების გაგზავნას და შემდეგ ამ კადრებს ავრცელებდნენ პედოფილების ჯგუფებში" – ჰყვება 17 წლის მოზარდი.

ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე აჭარის პროკურატურაში განცხადება დღეს, 5 ივნისს, შევიდა. თბილისის პროკურატურამ შშმ ქალების უფლებადამცველი მარიამ დევაძე უწყებაში 7 ივნისს დაიბარა.


close დახურვა