logo
ENG



ფრიდი ღარიბაშვილის გამოსვლაზე: მიუთითებს, რომ მათი პოზიციაა, ქვეყანამ უარი თქვას დასავლეთზე

06 ივნ 202317:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/t7gts3npymxmqm0.jpg

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, პრემიერმინისტრის განცხადებები ნიშნავს, რომ საქართველო ფორმალურად თუ არა, რეალობაში მაინც, NATO-ს წევრობით აღარაა დაინტერესებული. ამის შესახებ მკვლევარმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება"- განაცხადა ფრიდმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით შეკითხვა ახლა ასე ისმის: "სად ხედავს ქართული ოცნების მთავრობა საქართველოს მომავალს - დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ არ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ - დაასუსტებს".

ანალიტიკოსის აზრით, სამწუხარო მახასიათებელია მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს ფორმულირებას, რომ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, მაგრამ თუკი შენ მანამდე თქვი, რომ უკრაინის ნატოში წევრობის სურვილი ომის დაახლოებითი მიზეზია და გარკვეულწილად რუსეთის პროვოცირება გასაგები იყო, ეს ძირს უთხრის იმ წინა განცხადებას, რომ ნატოში წევრობით ხარ დაინტერესებული. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის რეალური პოზიცია ისაა, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოოო მიზანზე, რომ შეუერთდეს დასავლეთს. ამის ნაცვლად კი მოძებნის უფრო ნაკლებ ადგილს რუსეთის მიერ დომინირებულ გავლენის სფეროში. ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: ეს ნიშნავს სიღარიბეს, კორუფციას, იზოლაციას. და ეს სამწუხაროა"- აცხადებს ფრიდი.

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.

 


close დახურვა