თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს ღია წერილით მიმართავენ რესტავრაციის/ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
სტუდენტების განცხადება "აკადემიის სტუდენტები რესტავრაცია/ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტისთვის" Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. სტუდენტები აცხადებენ, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან აკადემიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც "კულტურის სამინისტრო უსაფუძვლოდ ერევა და აზიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების შემსწავლელ ფაკულტეტებს", კონკრეტულად კი ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის სასწავლო პროგრამას.
სტუდენტები არ იზიარებენ და პრინციპულად ეწინააღმდეგებიან შემდეგ ცვლილებებს:
- "რესტავრაციის სტუდენტების თაბუკაშვილის სახელოსნოდან უმიზეზო გამოყრა, სასწავლო სემსტრის შუაგულში (2022, მაისი) და შესაბამისი სამუშაო პირობების გარეშე, გაუმართავ შენობაში გადაყვანა
- ხელოვნების ისტორიის მისაღები ადგილების ოციდან ხუთ კაცამდე ჩამოყვანა;
- ფაკულტეტის დაშლის პირდაპირი მცდელობა - რესტავრატორების სახვით ფაკულტეტთან მიერთებით ან ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბებით;
- ახალი პროგრამის ფარგლებში რესტავრაციის სტუდენტებისთვის კრედიტების უარყოფა და იძულებითი სემესტრის დამატება;
- რესტავრაციის სტუდენტებისთვის თეორიული საგნების გაუქმება".
სტუდენტების თქმით, ახალი პროგრამა არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული, არამედ "გზადაგზა მიღებული ერთი მეორეზე უარესი გადაწყვეტილებების ნაზავია".
"ამის კიდევ ერთი მაგალითია 2023 წლის შემოქმედებითი ტურის გამო სასწავლო პროცესის ორი კვირით შეწყვეტა, უპრეცენდენტო შემთხვევა, რადგან აქამდე ტურის ხანგძლივობა კვირას არ ცდებოდა და მაშინაც უადგილოდ აფერხებდა სწავლას. საინტერესოა თუ რატომ არის მართებული სტუდენტების სემესტრის და შემდგომ გამოცდების ორი კვირით გადადება, როდესაც შეიძლება შემოქმედებითი ტური სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაინიშნოს? რატომ არის პრიორიტეტი აბიტურიენტების მიღება და არა უკვე ჩარიცხული სტუდენტების ბედი, რომელებსაც უმეტესობასაც ამის გამო დამატებითი შრომა და მაღალ ბინის ქირებთან გამკლავება უწევთ?", - აცხადებენ სტუდენტები.
სტუდენტები მათ მიერ ჩამოთვლილი ყველა პუნქტის გამოსწორებას ითხოვენ.
"მოვითხოვთ, რომ ყოველივე ეს პუნქტი გათვალისწინებული და გამოსწორებული იყოს. კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სამხატვრო აკადემიის დამოუკიდებლობას -ჩვენთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის ამგვარი უხეში და უმიზეზო ჩარევები საგანმანათლებლო პროცესში", - აღნიშნულია მათ მიმართვაში.