მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია გუშინ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ წერს, რომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნული როინ მეტრეველის შვილიშვილებმა "ყველას დაურეკეს, რომ სიუჟეტი ლაივშივე შეწყვეტილიყო და ეთერში არ გასულიყო".
ყორშიას თქმით, მუქარებით მისი შეშინება შეუძლებელია და "არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას არ აპირებს".
"გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბატონი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ.
იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ - 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ. მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია", - წერს ყორშია.
მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
მეტრეველმა ყორშიას უპასუხა, რომ აკადემია "სრულფასოვნად უჭერს" მხარს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებას და უთხრა, რომ "ეს მოხერხდება". ყორშიას მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირას 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, "საჭირო იყო საქმისთვის".
მთავარი არხის ჟურნალისტის სიუჟეტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და გააკრიტიკა.