logo
ENG



პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკები დაბომბა

23 ივნ 202323:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/23/dkc31u8f33qhtyi.jpg

კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. ტელეგრამ არხზე "პრიგოჟინის პრესსამსახური" აუდიოჩანაწერი გაჩნდა, სადაც პრიგოჟინი აღნიშნულზე საუბრობს.

"მოგვატყუეს და ცდილობდნენ საკუთარი სახლების დაცვის შესაძლებლობა წაერთმიათ. მზად ვიყავით თავდაცვის სამინისტროსთან დათმობებზე წავსულიყავით, გვეპოვა გამოსავალი, როგორ გაგვეგრძელებინა ქვეყნის დაცვა. მაგრამ ეს ნაძირალები არ გაჩერდნენ. დღეს, როცა დაინახეს, რომ არ ვართ გატეხილები, მათ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ჩვენს ბანაკებზე" - ამბობს პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში.

ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

"ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, შეჩერებულ იქნება. ვითხოვ, არავის გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ამას საფრთხედ მივიღებთ", - თქვა პრგოჟინმა.

მან დაამატა, რომ მისი განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ყველა მსურველს მოუწოდა, მათ შორის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს, შეუერთდნენ მათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა