ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი თითქოსდა აძლევდა ერთ-ერთ ბრალდებულს უფლებამოსილებას მისი წარმომადგენლობის თაობაზე.
"აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ბრალდებულებმა იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე გადაფორმება და დირექტორის ცვლილება, რაც ვერ განახორციელეს საგამოძიებო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მოქმედებების შედეგად", - აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.