12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე ოჯახი სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რომ აღებული ნიმუშების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყოს.
როგორც გარდაცვლილის დედა ნატო ხუტაშვილი ამბობს, სამედიცინო ექსპერტიზის დროს, გარდაცვლილის სხეულიდან აღებული დნმ-ანაწმენდების პაკეტები დალუქული არ იყო, რამაც ნიმუშების დაობება გამოიწვია.
"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები. შემდგომ ეს დნმ-ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, ეს პაკეტი არის გახსნილი, არაშეფუთულ მდგომარეობაშია და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდი ამ დროს ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი შემდგომი კვლევებისთვის, რაც საქმეს ძალიან უკან ხევს. ეს არის სამართალდარღვევის პირდაპირი მინიშნება.
ეს მოხდა განზრახ თუ შემთხვევით, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, ამას ვითხოვთ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით. მე ამას დანაშაულს ვარქმევ და არ ვარქმევ გაუფრთხილებლობას. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში. ვითხოვ გამოძიების დაწყებას ამასთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს, როდის დაზიანდა და რა დროს მოეკიდა ობი" - ამბობს ნატო ხუტაშვილი.
უფლებების საქართველოს იურისტის თქმით, მტკიცებულებების დაობება საქმეს თავდაყირა აყენებს.
"უცხოელ ექსპერტებს მივწერეთ და ალბათ, მათი პასუხი იქნება ძალიან გამაოგნებელი, რადგან მტკიცებულებების დაობების პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში, ალბათ არ აქვთ. ეს არის ძალიან საგანგაშო და საშიში პრეცედენტი. მე როგორც ვფლობ ინფორმაციას, ეს არ არის ერთადერთი საქმე, როცა მტკიცებულებები ამ მდგომარეობაშია"- თქვა ელისო რუხაძემ.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.
გოგოს ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავს.