ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ცენტრალური ფიგურები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან, ჯერ კიდევ არ გამოუკითხავთ. ფორმულას ეთერში, მარიკაშვილმა ისაუბრა, რომ გამოძიებისგან მეტის მოლოდინი ჰქონდა.
"ცოტა მეტი მოლოდინი მქონდა, ცოტა მეტი ვიდრე ამ მასალებში არის და არის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ეს მოლოდინი ეფუძნება არა იმას, რომ რაღაც გააკეთეს, მაგრამ ვერ შეძლეს, არამედ გამოძიებას შეეძლო, უფრო მეტი ნაბიჯი გადაედგა და შედეგიც დაეყენებინა ამ ერთ კვირაში. ჩემთვის არის წარმოუდგენელი, რომ მანქანების ნომრების დასადგენად დანიშნო ექსპერტიზა, უფრო სწორად, ვიდეოს გასუფთავებისთვის არის დანიშნული ექსპერტიზა იმიტომ, რომ დაინახოს გამოძიებამ მანქანის ნომრები", - განაცხადა ადვოკატმა.
ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სადაც მასალებს გაეცნო. მისი თქმით, უკვე ამოღებულია საქართველოს ბანკის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და რამდენიმე ობიექტიდან კვლავ ელოდებიან ჩანაწერებს.