logo
ENG



საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მხრიდან თანამშრომლის დისკრიმინაციაზე გამოძიება არ დაიწყო

28 ივლ 202314:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/d8rr2kdt7gehc89.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

კერძოდ, 12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძე წერს, რომ 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.

რაზმაძის თქმით, ის უწყებაში 19 ივლისს დაიბარეს და უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება არ იყო დაწყებული და დაბარების მიზეზი იყო გასაუბრება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ოქმით.

"ვინაიდან გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას არ იცნობს/არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ასეთ წესს ითვალისწინებდა ძველი კანონმდებლობა), ცხადია უარი განვაცხადე წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე და სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემს მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად.

ვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რომლის შემდგომ ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან. ანუ, მოვითხოვე პროცესის ისე წარმართვა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა"- წერს რაზმაძე.

რაზმაძის თქმით, გუშინ საგამოძიებო სამსახურიდან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მან არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება და გარემოებების დაზუსტება და არ გამოიკვეთა უწყების ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები.

აღსანიშნავია, რომ რაზმაძის განცხადება რეაგირების მიზნით შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გადაიგზავნა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა ის ფაქტი, რომ უარი განვაცხადე გაურკვეველ და უკანონო ,,საგამოძიებო მოქმედებაში” მონაწილეობაზე, გამოძიება არ დაიწყო არც საჯაროდ გავრცელებული და არც განცხადებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე (რაც საკმარისზე. მეტ ინფორმაციას შეიცავდა გამოძიების დასაწყებად) და ჩემი განცხადება (რომელშიც აღწერილი მაქვს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მოადგილის მიერ ჩემს მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულ(ებ)ი) რეაგირებისთვის გააგზავნა ამავე დანაყოფში (შსს-ს გენერალურ ინსპექციაში).

ალბათ ისევ დ. მინდიაშვილმა უნდა დამიბაროს ახლა გენერალურ ინსპექციაში, ამჯერად წინ ედება მისი უკანონო ქმედებების შესახებ ჩემი დაწერილი განცხადება (რომელიც მის ხელში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო) და დამამცირებელი მოპყრობის ახალი სერია მელოდება წინ. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით"- წერს რაზმაძე.

მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

საია-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რაზმაძის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი განცხადებიდან ნათლად იკითხებოდა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში პირადი გასაუბრების დროს, რომელიც უწყვეტად 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, დავით მინდიაშვილმა, მას შეუქმნა მტრული და დამთრგუნველი გარემო, რომელიც, ამავდროულად, შეურაცხმყოფელი იყო.

განცხადების თანახმად, დავით მინდიაშვილს შეხვედრის პირველივე წუთიდან ჰქონდა დამამცირებელი დამოკიდებულება. გასაუბრების დასრულებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, გოგა რაზმაძემ დავით მინდიაშვილს განუმარტა, რომ ამგვარ გარემოში საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა და სურდა გასაუბრების შეწყვეტა, რაზეც დავით მინდიაშვილის პასუხი იყო ის, რომ ვერსად წავიდოდა, რადგან მოცემულ მომენტში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული პირი დაჟინებით ითხოვდა, გოგა რაზმაძეს დაეწერა ახსნა-განმარტება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. დავით მინდიაშვილმა მუქარა გაიმეორა რამდენჯერმე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მხრიდან განხორციელებულმა დამამცირებელმა მოპყრობამ, პატივისა და ღირსების შელახვამ და იძულებამ, გოგა რაზმაძეს მიაყენა ფსიქოლოგიური და მორალური ტკივილი.

სია-ს ცნობით, გოგა რაზმაძის განცხადებაში არსებული ინფორმაცია მიუთითებდა იმ დანაშაულის ნიშნების არსებობაზე, რომელზეც “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 11 ა) ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება.

ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, იმოქმედოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგა რაზმაძის განცხადების საფუძველზე და სრულყოფილად გამოიძიოს განცხადებაში მითითებული ფაქტები. 


close დახურვა