logo
ENG



ჩეხეთმა პუტინის მოკავშირე ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა

30 ივლ 202322:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/30/e436ivosic7lzty.png

ჩეხეთმა რუს ოლიგარქსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის ფინანსურ-ანალიტიკურმა სამმართველომ ევტუშენკოვს მის სახელზე არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა და ანგარიშები გაუყინა. საუბარია მათ შორის 5-ვარსკვლავიან სასტუმროზე კურორტ კარლოვი ვარში, რომლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჩეხური მედია ევტუშენკოს ყველაზე მთავარ რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და აღიშნავს, რომ მას ჩეხეთში არაერთი უძრავი ქონება აქვს.

რაც შეეება უშუალოდ საბანკო ანგარიშებს, ჩეხეთის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს დაახლოებით 4 მილიონი დოლარი დაუბლოკა.

ევტუშენკოვი ე.წ. შავ სიაში ივნისის ბოლოს შეიყვანეს, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

"ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვობს, რომ ევტუშენკოვი ფარულად აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ელექტროკომპონენტებს აწარმოებს, ხოლო რუსეთში მისი კომპანიები აწარმოებენ ტექნიკას, რომელსაც შემდგომში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აწვდიან", - წერს ჩეხური მედია.

გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა სანქციები ოლიგარქის შვილს, ფელიქს ევტუშენკოვსაც დაუწესოს.

***

ჩეხეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. მიმდინარე წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევტუშენკოვის ოჯახი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა

გარდა ამისა, 2022 წლის 2 სექტმებერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის მოკავშირე ოლიგარქს უკრაინაში არსებული ქონება ჩამოართვა

***

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცეპრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

2022 წლის 26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს". 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა