logo
ENG



შსს შოთა თუთბერიძეს 2 ივნისის აქციაზე ხულიგნობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება

02 აგვ 202314:33
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატი შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

თუთბერიძეს შსს 2 ივნისს პარლამენტთან გამართული ბანერების აქციის დროს ხულიგნობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ედავება. 

2 ივნისს პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები ბანერების გამო 7 ადამიანი დააკავა. ამ ბანერებზე ძირითადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები, თუმცა ზოგიერთი ბანერი ცარიელი იყო. ამ აქციაზე პირველი შოთა თუთბერიძე დააკავეს. მას ეჭირა ბანერი, რომელზეც პრემიერ ღარიბაშვილის სახელი ეწერა. დღეს იყო ბოლო ვადა, როდესაც შოთა თუთბერიძის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა იყო შესაძლებელი.

შოთა თუთბერიძე ბრალდებებს უარყოფს და ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით მყოფი პოლიციელები იცრუებენ და ასევე შესაძლოა, შსს-მ მისი დაკავების კადრები სხვადასხვა მიზეზით არ წარმოადგინოს.

"დარწმუნებული ვარ, დღეს მოვლენ და როცა მოვლენ მოწმეებად მოიტყუებიან პოლიციელები, მაგალითად იტყვიან, რომ მე მათ შეურაცხყოფა მივაყენე, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ და ამას ადგილი არ ჰქონია.

ყველა კამერა, რომელიც იღებდა ჩემი დაკავების და ჩემი გადაყვანის პროცესს, ალბათ, აღმოჩნდება წაშლილი და შსს იტყვის, რომ ზოგს კამერა ჰქონდა გაფუჭებული, ზოგს ელემენტი ჰქონდა დამჯდარი, ზოგი ვერ ჩაიწერეს და ასე შემდეგ, თუმცა, იმედი მაქვს იმის, რომ სამართლიანობის ნაშთები ჯერ კიდევ შემორჩენილია სასამართლოში და იმედი მაქვს, არცერთი მოსამართლე არ მოაწერს ხელს ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას, რაც იქნება, უბრალოდ უსაფუძვლოდ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა თუნდაც ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება" - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.


close დახურვა