logo
ENG



ლელო პროკურატურას შოვზე: დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის კუთხით?

06 აგვ 202314:41
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაავრცელოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე არის თუ არა დაწყებული გამოძიება სტიქიის მიზეზებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის კუთხით.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, "განსაცვიფრებელია", რომ ამ დრომდე არავინ საუბრობს გამოძიების დაწყებაზე. 

"მე მინდა, მივმართო საქართველოს პროკურატურას - დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან, სავარაუდო, გულგრილობასთან და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით? თუ გამოძიება დაწყებული არ არის ეს უკვე დანაშაულია. დანიშნულია თუ არა შესაბამისი სახის ექსპერტიზები, რათა დადგინდეს ობიექტური რეალობა, რა მოხდა სინამდვილეში და ექსპერტებად არ გამოდგებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებიც წყლის დონის მატებასა და არ მატებაზე საუბრობენ და რომლებიც, თურმე გამორიცხავენ, რაღაცა შესაძლებლობებს რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ" - განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია მეწყერი და ღვარცოფი და შემდეგ გამოძიებამ დაადგინოს, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

სამუშია ასევე მიმართავს პროკურატურას კითხვით "არის თუ არა გამოთხოვილი შესაბამისი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ, რათა დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება."

იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაწყებული ამ დრომდე არაა, ლელო პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შესაბამისი მუხლებით.

ლელო პროკურატურისგან ითხოვს ყველა სამართლებრივი ზომის მიღებას, ვინაიდან, ლევან სამუშიას თქმით, ექსპერტიზის დაწყების ყოველი წამით დაგვიანება, შესაძლოა, სამართლებრივ წარმოებას შემდგომში ძვირად დაუჯდეს, რადგან, მისი თქმით, შესაძლოა, თუნდაც ამინდის გამო წაიშალოს საექსპერტო კვლევისთვის აუცილებელი მასალები ტრაგედიის ადგილიდან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   

 

close დახურვა