Ekho Moskvy-ს ჟურნალისტი ირინა ბაბლოანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. გამოცემა The Insider საგამოძიებო მასალას აქვეყნებს, რომელშიც ბოლო ერთ წელში რუსეთიდან წასული ჟურნალისტების მოწამვლას მიმოიხილავს.
The Insider აღნიშნავს, რომ ოქტომბერში მიუნხენში მოწამლეს Novaya Gazeta-სა და Meduza-ს ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო, ერთი კვირის შემდეგ თბილისში იდენტური სიმპტომები ჰქონდა Ekho Moskvy-ს ჟურნალისტს ირინა ბაბლოიანს, გაზაფხულზე კი ნეიროტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი ნატალია არნო.
გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ოქტომბერში მოსკოვიდან თბილისში ჩავიდა და სასტუმრო King Tamar-ში ცხოვრობდა. 25 ოქტომბერს მან შეუძლოდ იგრძნონ თავი, მეორე დღეს დილით კი ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევით გაიღვიძა, მას ხელისა და ფეხის გულები ეწვოდა. ამ სიმპტომების მიუხედავად, ირინამ არ გადადო ერევანში გამგზავრება.
"წევხარ, მაგრამ გრძნობ, რომ დაღლილობა არ გადის, თითქოს უბრალოდ არ გამოდის დასვენება. შეგრძნება მქონდა, რომ სხეული აღარ მეკუთვნოდა", - ამბობს ჟურნალისტი.
ერევნის სასტუმროში მან სიცხის საზომი მოითხოვა, რომელიც ადგილზე არ ჰქონდათ. ნომერში ასვლის შემდეგ ვერ იძინებდა. როგორც ქალი ყვება, დაეწყო მუცლის ტკივილი და ღებინება. პირში კი ლითონის გემოს გრძნობდა.
The Insider წერს, რომ ყველა ეს სიმპტომი, გარდა უკანასკნელისა, მსგავსი აღწერით ჰქონდა ელენა კოსტიუჩენკოს, ერთი განსხვავებით - იმ მომენტიდან მოყოლებული ირინას კანზე პერიოდულად უჩნდება და ქრება შეწითლებები.
ირინა ბაბლოიანს არ მიუმართავს ტოქსიკოლოგისთვის, რადგან არ უფიქრია, რომ ვინმე მის მოწამვლას ცდილობდა. მაშინ კი ირინამ ანალიზები მხოლოდ ალერგიაზე გაიკეთა, რომელიც უარყოფითი იყო. რამდენიმე თვეში ბერლინში გადასვლის შემდეგ მან ტოქსიკოლოგიური ანალიზი ჩაიტარა, თუმცა პასუხები არ მიუღია. ჟურნალისტი ამბობს, რომ შარიატეს კლინიკაში განუცხადეს, რომ სისხლის ნიმუშები "დაიკარგა", მასთან კი მივიდნენ პოლიციელები და საქმის ვითარება დეტალურად გამოჰკითხეს.
ცოტა ხნის წინ ირინამ კვლავ ჩააბარა სისხლის ნიმუშები. მაგრამ, როგორც The Insider წერს, ამდენი ხნის შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტოქსინების კვალის აღმოჩენა.