logo
ENG



"სამწუხაროდ, მიმდინარეობს მიზნობრივი კამპანია EU-ის გზისთვის ძირის გამოთხრისკენ" - დეგნანი

25 აგვ 202314:19
3 წუთის საკითხავი
clock 525

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრორუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოსათხრელად "მიზნობრივი კამპანია" მიმდინარეობს. ელჩის თქმით, "ქართველები შეჩვეულნი არიან ამ პრორუსულ დეზინფორმაციას" და ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეები მომავალში ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.

პრესკონფერენციაზე კელი დეგნანმა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან კრიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან და მათგან პირადად არაფერს იღებს". ელჩი ურჩევს პოლიტიკოსებს, რომ ფოკუსი სამუშაოს შესრულებაზე გაასწორონ და "მიჰყვნენ იმ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ, რათა დაადასტურონ ერთგულება ევროკავშირის გზის მიმართ".

ამასთან, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არ შეხვედრია მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს, რომლებიც მის შესახებ "კომენტარებს აკეთებენ" და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც ცდილობენ "დააბნიონ ქართველები, დაყონ საზოგადოება - გვერდით გავწიოთ".

"ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესი ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის, იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც იქნება პროგრესი, როგორც აღვნიშნე, შთამბეჭდავი მიღწევებია უკვე ამ გზაზე. მრავალ სამინისტროსთან, ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც საჭიროა საქართველოს მხრიდან EU-ისა და NATO-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წარმატება ამ მისწრაფებაში, ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ.

პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ ნამდვილად არაფერს, რასაც ამბობენ ჩემს შესახებ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე - არის გაწერილი გზა, საგზაო რუკა, ნაბიჯები კონკრეტული გადასადგმელი და თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები გაჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ, ეს დაადასტურებს იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ შემდეგ გადავიდნენ ევროკავშირის წევრობის შემდგომ ნაბიჯზე. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს.

სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულნი არიან ამ პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდება მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.

არ ვიცი, არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან, ამას პირადულად ვერ მივიღებ, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, რომ გაყონ საზოგადოება და შეინარჩუნონ პოლარიზაცია. ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის", - განაცხადა ელჩმა.

 

 


close დახურვა