logo
ENG



მესტიაში მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

26 აგვ 202314:20
3 წუთის საკითხავი
 
მთავარი არხი

მთავარი არხის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ - მათი განცხადებით, ჟურნალისტებს თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს.

არხის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ საამქროში კადრებს იღებდნენ - როგორც ემა გოგოხია მთავარ არხთან ჰყვება, თავდამსხმელებმა ისინი "ალყაში მოაქცია".

"მესტიაში, კერძოდ ხაიშში ერთ-ერთ საამქროში, იმ დროს როცა უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს ვიღებდი, თავს დაგვესხა დაახლოებით 12-მდე ადამიანი. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, ამ სახერხის მეპატრონეა. თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ. ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს ასევე გადამცემი", - აღნიშნა მან.

გოგოხიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ტექნიკა დაუბრუნეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოიძახეს - თუმცა სანაცვლოდ მასალის წაშლა მოითხოვეს. ჟურნალისტის თქმით, ისინი ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გაუშვებდნენ, საქმეს "გაურჩევდნენ".


close დახურვა