logo
ENG



აუდიტი: დევნილთა მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციის შენახვა/ანაზღაურებაზე 79,54% დაიხარჯა

28 აგვ 202314:39
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

როგორც აუდიტის შედეგად ირკვევა, 2022 წელს სააგენტოს ადმინისტრაციის შენახვასა და პროგრამების მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე საბიუჯეტო ასიგნებიდან 79,54% დაიხარჯა.

ანგარიშის თანახმად, უშუალოდ პროგრამების ღონისძიებების განხორციელებაზე დაიხარჯა 21,46%, რაც ხარჯ-ეფექტურობის კუთხით დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, გამოიკვეთა პროგრამების/ღონისძიებების ფარგლებში აქტივობების არასრულად შესრულება. კერძოდ:

"დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული იყო საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადება.

ფაქტობრივად კი, მომზადდა შენობების საკადასტრო გეგმები, რისი არსებობა საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მოსამზადებლად აუცილებელია, მაგრამ ამით საბოლოო შედეგი არ მიიღწევა", - აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტმა გამოავლინა დოკუმენტურად დაუდასტურებელი მომსახურებებიც. მათი განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამა ითვალისწინებდა აქტივობებს, რომელთაგან სამი: ონლაინ კონსულტაცია, ვიზიტი დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში და ბუკლეტების მომზადება არ განხორციელებულა.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, კანონმდებლობის მოთხოვნების არათანმიმდევრული დაცვის შედეგად, სააგენტოში შესაბამისი ნებართვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა 35 პირი და მათზე ჯამურად გაიცა 177 480 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, რითაც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

ანგარიშში საუბარია სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ხარვეზებზე - კერძოდ, სააგენტოში მივლინებების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა არ იყო დაცული კანონმდებლობით მოთხოვნილი ეკონომიურობის პრინციპები.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მივლინების ხარჯების ანაზღაურებისას დაფიქსირდა 6 ისეთი შემთხვევა, როცა სასტუმროში განთავსების დღიური ფაქტობრივი ხარჯი, დაახლოებით, 2-ჯერ აღემატებოდა მივლინების იმავე ლოკაციაზე საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას.


close დახურვა