logo
ENG



ფაჩუაშვილი მეუფე შიოზე: წარმოუდგენელია, ვინმეს ინტერესებში იყოს მისი მოწამვლა

28 აგვ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/g2qd8h2109yexm8.png

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე შიოს მოწამვლა "არავის ინტერესებში არ არის".

"იმდენად დაფარული ინფორმაციაა, რომ მხოლოდ ჟურნალისტებისგან ვგებულობ ამბებს. ზოგს მართალს, ზოგს გადაჭარბებულს. დავინტერესდი მისი მდგომარეობით. რაც შეეხება გამოძიებას, მე არ ვიცი, როგორ უნდა დავინტერესდე. პირდაპირი წვდომა არ მაქვს. უწყებები იძიებენ და რა თქმა უნდა, დაფარულია. აბა, რომ არ იყოს დაფარული, როგორ გამოიძიებენ?

მეუფე რომ ცუდად იყო, ორი აზრი არ არის, მეუფეს რომ რაღაც საფუძველი აქვს, მაგრამ მგონია, რომ წარმოუდგენელია, ვინმეს ინტერესებში ეს [მოწამვლა] იყოს. ვერც კი ვფიქრობ ამაზე", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

5 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.

6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო. 


close დახურვა