logo
ENG



კალაძე: გუშინდელმა წვიმამ ორ ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისის ნალექის რაოდენობას

30 აგვ 202311:05
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინ ღამით თბილისში მოსულმა ნალექმა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერზე მეტად გადააჭარბა.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ძლიერმა წვიმამ თბილისის ბევრ ქუჩასა და რაიონს პრობლემები შეუქმნა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წელს 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. წუხანდელმა ნალექმა მოცვა თბილისის მთელი ტერიტორია, სხვადასხვა უბნებში შექმნა გარკვეული პრობლემები"- თქვა კალაძემ.

გვიან ღამით თბილისში უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ კორპუსში ჩავიდა წვიმა, ადიდებული წყალი შევარდა სახლებში, წაიქცა ხეები.

ქალაქში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ, ზოგიერთ ქუჩაზე წყალმა მანქანები სანახევროდ დაფარა.

რთული ვითარება იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, სადაც წყალი დაგროვდა. პრობლემებია გზის სავალ ნაწილზე. წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც.


close დახურვა