logo
ENG



ზარნაძე: არის შემთხვევები, როცა გარემოვაჭრეები ხსნიან ცხაურებს და შიგნით ნივთებს მალავენ

30 აგვ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/30/7w72al1dnednfek.png

გლდანის მაჟორიტარი კოტე ზარნაძე გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის ერთ-ერთ მიზეზად სანიაღვრეებში გარემოვაჭრეების მიერ ინვენტარის დამალვას ასახელებს.

ზარნაძის ვერსიით, გარემოვაჭრეები ასე მაშინ იქცევიან, როდესაც მათ მეტროს მიმდებარედ ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ.

"ხელის გაშვერა არავის არავისკენ არ უნდა, მაგრამ მე რაც ვნახე, იმას ვიტყვი: ბადეში, რომელიც ცხაურს თავზე ადევს, წყალი ყუთს ფიზიკურად ვერ ჩაიტანდა. ამოღებულია და ჩაყრილია სპეციალურად. სპეციალურად არ ვიცი, შეიძლება, ზოგმა არც იცის, სანიაღვრე ქსელი როგორ ფუნქციონირებს. ერთი, იმის თქმა მინდა, რომ იქ გარკვეული პრობლემები გვაქვს გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, რომლებსაც უფლებას არ ვაძლევთ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ივაჭრონ და არის შემთხვევები, როცა თავიანთი ინვენტარის, რითაც ვაჭრობენ, ამის დამალვის მიზნით ხდება ამ ცხაურების მოხსნა და შიგნით ჩალაგება. ჩემი აზრია ასეთი, იმიტომ, რომ ფიზიკურად, ამ ცხაურში, რომელსაც რამდენიმე ნახვრეტი აქვს, ეს ყუთი ვერ ჩავიდოდა"-ამბობს ზარნაძე. 

 

მოგვიანებით, კოტე ზარნაძე ამ თემას კიდევ გამოეხმაურა და თავის მართლების მიზნით თქვა, რომ მისი კომენტარი ინტერპრეტირებულად გავრცელდა.

"ოპოზიციური პროპაგანდა ავრცელებს კონტექსტიდან ამოგდებულ ჩემ ციტატას, თითქოს გუშინ უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებში სრული პასუხისმგებლობა გარემოვაჭრეებს დავაკისრე. მეგობრებო, ეს არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული კამპანია პირადად ჩემი და კახა კალაძის გუნდის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი თვითშეგნების საკითხი დგას ჩვენს წინაშე და ზოგიერთი მოქალაქე აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა ქალაქს ანაგვიანებს, ამის გამო უხვი ნალექისას შესაბამისი სამსახურები გაორმაგებულად მუშაობენ, თუმცა ჩემი ნათქვამი არავინ უნდა განაზოგადოს და იფიქროს, რომ მე ვადანაშაულებ სრულად მოქალაქეებს, ან რომელიმე ჯგფუს, თუნდაც იმ მოვაჭრეებს, რომლებიც პატიოსნად ეწევიან თავის საქმიანობას"-  ამბობს ზარნაძე.

გვიან ღამით თბილისში უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ კორპუსში ჩავიდა წვიმა, ადიდებული წყალი შევარდა სახლებში, წაიქცა ხეები.

ქალაქში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ, ზოგიერთ ქუჩაზე წყალმა მანქანები სანახევროდ დაფარა.

რთული ვითარება იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, სადაც წყალი დაგროვდა. პრობლემებია გზის სავალ ნაწილზე. წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც.


close დახურვა