ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქვა შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, "თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას".
ცერცვაძე მიგრანტებისთვის აივ ინფექციაზე კვლევის შეთავაზებაზე ამბობს, რომ ეს სენსიტიური საკითხია და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარზე შემომსვლელთა სავალდებულო ტესტირებას ან მათ მიერ აივ სტატუსის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას, რადგან ითვლება, რომ ეს იქნებოდა მიგრანტების ძირეული უფლებების დარღვევა.
"გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული აგრეთვე იზოლირებულად რუსი მიგრანტების აივ/შიდსზე გამოკვლევა. მითუმეტეს, რომ საქართველოში შემოდიან მიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც აივ/შიდსის პრევალენტობა და ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში", - აცხადებს ცერცვაძე.
მისი თქმით, აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შესთავაზებენ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.
"მიგვაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის (მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა, თავშესაფრის მაძიებლები, ხანგრძლივი დროით, მათ შორის სასწავლებლად ჩამოსულები და სხვ.) საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას", - თქვა ცერცვაძემ.
მისი განცხადებით, ბოლო 20 თვის მანძილზე მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს. ამასთან, ამ პაციენტებს, გლობალურ ფონდთან შეთანხმებით, ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ.