logo
ENG



ლანჩხუთის მერი: მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა, ვეძებთ ერთ ბავშვს

08 სექ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/4aylwcbceo6qheg.jpg

ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი აცხადებს, რომ მეწყერმა დააზიანა 10-მდე სახლი, ხოლო ამ დროისთვის ეძებენ ერთ არასრულწლოვანს.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სხვა მოქალაქეების ძებნა არ მიმდინარეობს, ყველა გამოყვანილია საცხოვრებელი სახლებიდან და გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილას.

"მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა. ამ ეტაპისთვის, ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა. ამ სახლის სხვა მცხოვრებლებმა გამოასწრეს, როგორც ვიცი.

დილიდან ტექნიკა გავგზავნეთ, მაგრამ ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახი. ახლაც წვიმს, უბრალოდ ისე ძალიან აღარ, როგორც მთელი ღამე წვიმდა. ამ წუთისთვის, სხვა მოქალაქეებს არ ვეძებთ. 10-მდე სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია.

გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან. მობილიზებულია ტექნიკა. ბევრ ადგილზე მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერს რას ვუზამთ, მაგრამ ვცდილობთ მოსახლეობა გამოვიყვანოთ", - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში. 


close დახურვა