მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა.
მაშველები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან შეუერთდნენ მაროკოს ძალისხმევას, რათა 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისას გადარჩენილები იპოვონ. მიწისძვრა პარასკევს ღამით ატლასის მთებში მოხდა და ტრადიციული, ტალახის აგურის სახლები დაანგრია.
სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 2 862-მდე გაიზარდა, 2 562 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ რაიონებშია, ამიტომაც ხელისუფლება არაფერს ამბობს დაკარგულების შესახებ.
დასახლება ტინმელში თითქმის ყველა სახლი დაინგრა. 59 წლის მუჰამედ ელჰასანი ყვება, რომ ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მიწისძვრა მოხდა. მისი 31 წლის შვილი ქუჩაში გავარდა და მეზობლის სახურავის ნაწილი დაეცა. ელჰანის თქმით, შველას ითხოვდა და შვილს ეძებდა, თუმცა სანამ ნანგრევებში იპოვა, მისი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო.
"სახლში რომ დარჩენილიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა".
ტინმელსა და სხვა სოფლებში მოსახლეობა ყვება, რომ ნანგრევებიდან ხალხი შიშველი ხელებით გამოჰყავდათ.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარაქეშიდან დაახლოებით 72 კილომეტრშია, სადაც ძველ ქალაქში ისტორიული შენობები დაინგრა, რომელთაგან ნაწილი UNESCO-ს სიაში არის შეყვანილი. მიწისძვრამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისტორიული მნიშვნელობის მე-12 საუკუნის ტინმელის მეჩეთს.