logo
ENG



OC Media: OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარის შემდეგ, პაპუაშვილმა ჩვენს დონორებზე ზეწოლა სცადა

12 სექ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 

OC Media წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოსაზრების, OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

OC Media წერს, რომ მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.

OC Media-ს მიხედვით, დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მათ თავად ნახეს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო აღქმას ეყრდნობა".

"ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წერილში. 

აღნიშნული დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ისინი "გაკვირვებულები" დარჩნენ წერილით. "გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა" - თქვეს მათ.

OC Media-ს თანახმად, პაპუაშვილის ოფისის წარმომადგენელმა თიკო მგელაძემ მათ პირველად, პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნების თხოვნით 28 ივნისს მიმართა, რა დროსაც, მან მედიისთვის ტექსტის ჩვენებაზე უარი განაცხადა, სანამ რედაქცია არ დაადასტურებდა, რომ პაპუაშვილის OP-ED-ს გამოაქვეყნებდნენ. მას შემდეგ, რაც აცნობეს, რომ სტატიის სრულად ნახვამდე შეუძლებელი იყო ტექსტის გამოქვეყნება, პაპუაშვილის ოფისმა მხოლოდ სათაური გაუგზავნა - "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა რუსულ ჰიბრიდულ სახელმძღვანელოს შეესაბამება". ამასთან, პაპუაშვილის ოფისმა გაგზავნა ტექსტის მხოლოდ პირველი აბზაცი. OC Media-ს სარედაქციო გუნდმა ტექსტის გამოქვეყნებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი ნააზრევი X-ის [ყოფილი Twitter] პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა რობინ ფაბრომ განაცხადა, რომ გამოცემა თავისი პოლიტიკით მუდმივად ცდილობს, ადეკვატურად წარმოაჩინოს ყველა მხარის პოზიცია, მათ შორის - საქართველოს მთავრობის. "ეს არის მისია, რომელსაც მთავრობის მტრული დამოკიდებულება მედიის მიმართ ხშირად შეუძლებელს ხდის. მთავრობა ხშირად არ გვცემს პასუხს კითხვებზე, მათ შორის, ყველაზე უწყინარ კითხვებზეც. ჩვენი ჟურნალისტების წერილები უპასუხოდ რჩება, ზარებზე კი იშვიათად გვპასუხობენ", - აცხადებს რობინ ფაბრო.

"ჩვენ უკიდურესად ფრთხილად ვარჩევთ, რას ვაქვეყნებთ OP-ED-ის განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით აზრთა სხვადასხვაობას, ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ იმ მოსაზრების გამოქვეყნებას, რომლებიც, ჩვენი აზრით არის ფაქტობრივად გამართული, იდეის გულწრფელი გამოხატულება და შეესაბამება ჩვენ ძირითად ღირებულებებს - ეს არის ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიის უფლება.

ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინოს თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, განსაკუთრებით დასავლელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ვიდრე საკუთარი ხალხის წინაშე. იყო ძალიან მაღალი რისკი იმისა, რომ სტატია უბრალოდ არ იქნებოდა ჭეშმარიტი.

ეს იყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რამაც ჩვენი სარედაქციო გუნდი მიიყვანა ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნება ჩვენს მისიას ეწინააღმდეგებოდა, რაც მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო რომ გამოგვექვეყნებინა ეს ტექსტი, მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა", - აცხადებს OC Media-ს მთავარი რედაქტორი.

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ოფისის მხრიდან დონორებთან დაკავშირება როგორც კონკრეტულად ამ გამოცემაზე, ასევე ზოგადად, მედიის თავისუფლებაზე დარტყმაა.

"ქართული ოცნების შეტევები პრესაზე უცვლელად გრძელდება. სამი წლის წინ რომ გეკითხათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გარემო, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში, შეიძლებოდა ასე სწრაფად გაუარესებულიყო", - აცხადებს მარიამ ნიკურაძე.

მარიამ ნიკურაძემ ასევე არ გამორიცხა თავმჯდომარის მხრიდან შემდგომი ანგარიშსწორება, განსაკუთრებით ინციდენტის გასაჯაროების შემდეგ. "სულაც არ გამიკვირდება, თუ რაიმე სახის სამართლებრივი შევიწროების წინაშე აღმოვჩნდებით, თუ ამას "დაუგეგმავი" აუდიტი ან ცილისწამებაზე საქმის აღძვრა მოჰყვება", - აცხადებს მარიამ ნიკურაძე.


close დახურვა