ქუთაისის N2 დაწესებულებიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში 20 პატიმარი კლინიკა ვივამედში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატი ლედი ტუკვაძე ავრცელებს.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ პროტესტი მეხუთე კამერაში დაიწყო, სადაც პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
მისივე ცნობით, პატიმრები უხარისხო კვებას, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ციხეში სამედიცინო დახმარების არ არსებობას აპროტესტებდნენ.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ 20 პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო სხვა უფლებადამცველების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პატიმრების არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდა, მსჯავრდებულების მიერ ციხეში დაუმორჩილებლობის გამოცხადება არ არის გამორიცხული.