logo
ENG



მამულაშვილი სუს-ის განცხადებაზე: რუსული ხელწერაა, დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან

18 სექ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილის ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს "გადატრიალების" გეგმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება და მას "რუსეთიდან ნაკარნახევს" უწოდებს.

ამასთან, მამულაშვილი სუს-ის განცხადებას უკრაინაში ლეგიონის საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქართული რუსული ხელისუფლება" ამით მათ დისკრედიტაციას ცდილობს.

"ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან - ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი "შემაწუხებული" ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად.

როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს", - აცხადებს ის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.


close დახურვა