აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ "კონსტიტუციური სტრუქტურის აღდგენის მიზნით, რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებების" გატარებაა დაწყებული.
უწყების მტკიცებით, ამას წინ უძღოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მთიან ყარაბაღში საარტილერიო ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის სამხედროებისთვის - მათი თქმით, ამის "საპასუხოდ" მიიღეს შესაბამისი ზომები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა, არამედ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.
აზერბაიჯანის მხრიდან ოპერაციის წამოწყების შესახებ მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანიც საუბრობს.
"მასიური საარტილერიო დაბომბვის ქვეშ ვართ", - განაცხადა მან Telegram არხზე.
დღეს დილით კი ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომლი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა და მომხდარში სომხური მხარე დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, ნაღმი სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფების მიერ ტერორისტული მიზნებით იყო გამოყენებული.