კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამჯერად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" იმუქრება. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.
"თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)", - ამბობს წულუკიანი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.
"მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრავმა და შიში ჯერ არ მოუნელებია", - წერდა ის.