logo
ENG



ამილახვარი: FreeUni-ს, Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ

21 სექ 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/ugvtmkdgo4l6qxn.jpg

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მტკიცებით, "სიმართლეს არ შეესაბამება" ინფორმაცია იმაზე, რომ მთავრობა კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების თავად დაფარვას სთხოვს.

ამილახვარი ამბობს, რომ უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა, თუმცა ირწმუნება, რომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება შესთავაზეს, რასაც მისივე მტკიცებით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა, ყველა დათანხმდა.

"კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო, დაახლოებით, სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობებისა, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.

აქვე მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ უაღრესად არაკონსტრუქციულ, პროცესების დამაზიანებელ დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის"- თქვა ამილახვარმა.

20 სექტემბერს, ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ დავალიანება, რომლის გადახდის პირობაც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გასცა, თავად დაფარონ.

ამის შემდეგ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ დაფუძნებული თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა თუ კვლევების მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.

15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვა დააანონსა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სტუდედავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებოდათ.


close დახურვა