შაბათის ფორმულამ გუშინ, გლდანში, ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატ, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის დეტალები გაარკვია და ფიზიკური ანგარიშსწორების ბოლო წუთებში გადაღებული ვიდეო მასალაც მოიპოვა.
რა მოხდა გლდანში და ვინ არიან ადამიანები, ვინც ეძგვერაძესა და მასთან ერთად მყოფებს თავს დაესხნენ - თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი საკუთარ ეზოში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად მძიმე დაზიანებები 4 ადამიანმა მიიღო - ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯგუფურ ანგარიშსწორებას წინ თბილისის საკრებულოს დარბაზში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. იმ დროს, როდესაც ირაკლი ეძგვერაძე მმართველი პარტიის რუსულ კურსს აპროტესტებდა, მას გლდანის გამგებელმა, დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დროშა ესროლა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში, ეძგვერაძეს სახლში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები მიუვარდნენ - საუბარია ძმები შუკაკიძეების დაჯგუფებაზე.
40-მდე თავდამსხმელიდან პოლიციამ დღეს მხოლოდ 6 დააკავა, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა ელგუჯა შუკაკიძე, რომელიც ჯგუფს ხელმძღვანელობდა; ტატო ხუნდაძე, რომელიც გამგეობის თანამშრომელია. ადგილზე იყო ასე ქართული ოცნების წევრი დავით ახრახაძეც. შუკაკიძის ოჯახში განმარტებებს არ აკეთებენ. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შუკაკიძეები ქართული ოცნების შავი საქმეების მოგვარებისთვის ფულს იღებენ, მათი დედა კი ფორმალურად მერიის თანამშრომელია.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის ასეული ასეული 40 წუთის დაგვიანებით მივიდა.
შუკაკიძეები და მათი დაჯგუფება ქართული ოცნების შავ საქმეებში წარსულშიც მონაწილეობდა. მელიას შტაბის გადაწვა, სროლა და იარაღით მუქარა საარჩევნო უბანზე - ყველა მათგანში შუკაკიძეები და მათი გარემოცვა მონაწილეობდა. შუკაკიძეების მონაწილეობაზე საუბრობს თავდასხმის კიდევ ერთი მსხვერპლი, ჯაბა ზარასპაშვილი. მისი თქმით, მუქარა კალაძე-ზარნაძის ჯგუფის და კონკრეტულად ელგუჯა შუკაკიძის მხრიდან ახალი არ არის.