logo
ENG



"გადატრიალებაზე" ბრალდებებს CANVAS ზეწოლას უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

02 ოქტ 202315:14
3 წუთის საკითხავი
clock 1934
"გადატრიალებაზე" ბრალდებებს CANVAS ზეწოლას უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ვახო ქარელი/ფორმულა

სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებზე ორგანიზაცია CANVAS საქართველო განცხადებას ავრცელებს და ამას ზეწოლად აფასებს.  ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სუს-ის ბრალდებებამდე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს მათი დირექტორის მისამართით.

"სამოქალაქო საზოგადოების მიერ "რუსული კანონის" წინააღმდეგ თებერვალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა კანვას – საქართველოს დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ "ექსტრემისტ ლექტორად" და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად.

მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე, კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.

აღნიშნულ შემთხვევებს კანვას საქართველო აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამ შემთხვევებს ყურადღება მიაქციონ და საკითხს პრიორიტეტულად მიუდგნენ. მათი თქმით, ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.


close დახურვა