აქტივისტ სამირა ბაირამოვას სახლის კედელზე რუსეთის დროშა, კარზე კი ჯვარი დაუხატეს.
მისი თქმით, შეღებეს "შინ ევროპისკენ" და ქალთა ძალის სიმბოლიკები, ასევე, მოიპარეს "გახსოვდეს აგვისტოს ომის" ლოგო.
"არ ვიცი, რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება. დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხდი რა არის და ასეთი ამბები დამხდა. თქვენ იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არა კულტურობაა და არაჰუმანურობა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა.
შინ ევროპისკენის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი “გახსოვდეს აგვისტოს ომი” ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს არ ვიცი. არადა მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი. სახლი ჩემთვის იყო ერთად ერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღე! შინაგან საქმეთა სამინისტრო, თქვენ გააგრძელებთ მოძალადების დამალვას და მხარდაჭერას!" - წერს აქტივისტი.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სამირა ბაირამოვა არაერთხელ გამხდარა მუქარისა და თავდასხმის ობიექტი, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებისა და პრორუსული ალტ-ინფოს მხრიდან. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მარნეულში მოხდა, როცა პროევროპული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბაირამოვას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული აგრესიული ჯგუფები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქრისტიანებთან საუბრის უფლება არ გაქვს", - მიმართავდნენ ისინი ბაირამოვას.