logo
ENG



CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

04 ოქტ 202311:38
3 წუთის საკითხავი
 

CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

"მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია" - წერს მელაძე.

მანამდე სუს-ში გამოკითხეს ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი ნინო გოგიბერიძე.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

"გადატრიალების საქმეზე" მორიგ განცხადებაში სუს ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.


close დახურვა