გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც იგი გმობს აზერბაიჯანის თავდასხმას მთიან ყარაბაღზე, რადგან ეს ნაბიჯი "წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ეთნიკურ წმენდას უტოლდება."
ამასთანავე ევროპარლამენტარები ითხოვენ დაწესდეს სანქციები ყარაბაღზე იერიშის პასუხისმგებელ პირებზე და გარდა ამისა, ევროკავშირმა გადახედოს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან.
"ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში პარლამენტი კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას მთიან ყარაბაღზე 19 სექტემბერს, რაც ევროპარლამენტის წევრების თქმით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის წინა მცდელობების უგულებელყოფას. ბოლო შეტევის შემდეგ 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა დაეტოვებინა ანკლავი, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ არსებული ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება და კატეგორიულად გმობენ მუქარასა და ძალადობას აზერბაიჯანის ჯარების მიერ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ", - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებს ასევე მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შესთავაზონ სომხეთს ყველა საჭირო დახმარება მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების შემოდინებისა და შემდგომი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.
განცხადებაში ევროპარლამენტი ბაქოს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავოს პოტენციური სამხედრო ქმედებებისგან და მოუწოდებს თურქეთს შეაკავოს აზერბაიჯანის სიტუაციის გართულებისაგან.
"ევროპარლამენტარები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სხვა აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების ირიდენტისტული და გამომწვევი განცხადებების გამო, რომლებიც ემუქრებიან სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპარლამენტარები აფრთხილებენ ბაქოს თავი შეიკავოს ყოველგვარი პოტენციური სამხედრო ავანტიურიზმისგან და მოუწოდებენ თურქეთს, შეიკავოს თავისი მოკავშირე. ისინი ასევე გმობენ თურქეთის მონაწილეობას აზერბაიჯანის შეიარაღებაში და მის სრულ მხარდაჭერას ბაქოს თავდასხმებისთვის 2020 და 2023 წლებში", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
პარლამენტი ევროკავშირისაგან ასევე მოითხოვს, რომ გადახედოს ურთიერთობას აზერბაიჯანთან ან შეაჩეროს ბაქოსთან ნებისმიერი მოლაპარაკება განახლებული პარტნიორობის შესახებ თუ სიტუაცია რეგიონში არ გაუმჯობესდება. ამასთანავე განიხილოს აზერბაიჯანთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების გამოყენების შეჩერება.
"პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, შეამციროს დამოკიდებულება აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე და სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში, სრულად შეწყვიტოს ევროკავშირიდან აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი. იმავდროულად, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ შეჩერდეს მოქმედი ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", - წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.