logo
ENG



"სათხის მონასტერი საფრთხეშია, გაგრძელდეს სამუშაოები" - საყდრისის კომიტეტი წულუკიანს

09 ოქტ 202311:51
3 წუთის საკითხავი
clock 490
2023/10/09/yus4whdsdj4ul0i.jpg

"სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია" - ამ განცხადებას საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის აქტივისტები აქვეყნებენ და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ აზნაურაშვილს მიმართავენ.

აქტივისტების წერილში აღნიშნულია, რომ სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს. მათი შეფასებით, VIII-XI საუკუნეების მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. 

აქტივისტები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, საკმაოდ რთული და ღრმა ბზარებია დანარჩენ კედლებზეც, კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები, რომელთა გადმოვარდნა კედლის მთლიანი წყობის რღვევასაც გამოიწვევს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის ძეგლს. 

"სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია!​

სათხის მონასტერი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი) გამორჩეულია თავისი უნიკალური ჩუქურთმებით, შთამბეჭდავი ქვის დეკორით, კედლის მხატვრობით (რომელიც, ფაქტობრივად, აღარ იკითხება) და კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურის ფონდში ირიცხება.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები მივმართავთ საქართველოს კულტურის მინისტრს - ქ-ნ თეა წულუკიანს და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს - ბ-ნ ნიკოლოზ აზნაურაშვილს

სათხის მონასტრის (VIII-XI სს.) ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით ძეგლზე 2018 წ. გაზაფხულზე დაიწყო და 2020 წელს შეჩერდა. ამ პერიოდში, ტაძარზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა მიწისგან და ხე-მცენარეებისგან.

2019 წ. გამაგრდა მონასტრის საძირკველი. პროცესში პირადად იყო ჩართული იტალიელი რესტავრატორი, „იკრომის“ (ICCROM - The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) მიერ აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი - სტეფანო ვოლტა.

2020 წელს განხორციელდა კედლების გადაწყობა და კონქის გამაგრება-შენარჩუნება.

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არასაკმარისია იმისთვის, რომ ძეგლი გადარჩეს. სათხის მონასტრის სრულ აღდგენამდე ჯერ კიდევ ბევრი სარესტავრაციო ეტაპია დარჩენილი.

სამწუხაროდ, მიუხედავად აქტივისტების არაერთი მცდელობისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის ძეგლს, არადა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, საკმაოდ რთული და ღრმა ბზარებია დანარჩენ კედლებზეც. კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები, რომელთა გადმოვარდნა კედლის მთლიანი წყობის რღვევასაც გამოიწვევს.

ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების გარეშე, ძეგლის ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ მოხერხდება გახშირებული მიწისძვრებისა და ბუნებრივი ნალექის გამო, რომელიც უფრო და უფრო ამძიმებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.

სათხის მონასტრის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ

სათხის მონასტერი უნიკალურია თავისი აღმოჩენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 2018 წელს, აღმოჩენილი იქნა სათხის მონასტრის კანკელის ფრაგმენტი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა კანკელის დამზადების თარიღზე. ახალი აღმოჩენის თანახმად, სათხის მონასტრის მთავარი სამკაული - ჩუქურთმიანი კანკელი - 1171 წელს შეიქმნა. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი ისტორიული გადატრიალება მოახდინა - არათუ დაზუსტდა უშუალოდ კანკელის შექმნის თარიღი, არამედ მსგავსი კანკელების შექმნის თარიღებიც შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კანკელი, მრავალი წლის წინ, სათხის მონასტრიდან თავად ექვთიმე თაყაიშვილმა კაზრეთის ტყიდან ურმით წამოიღო თბილისში და მისი დაცვის მიზნით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, რის შემდეგაც იგი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. სათხის კანკელი ჩვენამდე მოღწეული თითქმის ერთადერთი ძეგლია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კანკელების შემკულობასა და ფორმებზე.

სათხის მონასტრის ეზოში, ასევე, აღმოჩენილია XVII საუკუნით დათარიღებული რამდენიმე სამარხი.

აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სათხის ტაძრის კედლის ორნამენტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ლოგოზეა გამოსახული, ამჟამად განადგურების პირასაა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და უახლოეს მომავალში მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა განახლდეს მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა