logo
ENG



კეზერაშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის მიუღებელია

13 ოქტ 202315:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/tsiu58bw7api3yn.jpg

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გამოცემა Le Point-თან რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო-სამხედრო ბაზის განთავსებაზე ისაუბრა. კეზერაშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ფლოტის გადატანა და რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის.

"ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ საკუთარი ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაიტანეს, რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს სატვირთო პორტია, რომელიც კვლავ შეიძლება უკრაინის თავდასხმის ობიექტი გახდეს. ფლოტის მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში გადატანით, რუსეთს თავის განკარგულებაში ნამდვილი სამხედრო ინფრასტრუქტურა ექნება. აშკარაა, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომელიც აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ეს ასევე არის გზავნილი თურქეთისთვის, რომლის საზღვაო ბაზებიც ახლოს მდებარეობს. გარდა ამისა, ესაა გზავნილი რუსული საზოგადოებისთვის, რომელსაც აგებინებენ, რომ ქვეყანა არ აპირებს კავკასიის დატოვებას, მიუხედავად მისი პოლიტიკისა მიატოვოს მთიანი ყარაბაღი სომხეთში", - აღნიშნა კეზერაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს ანაკლიის პორტია. ოჩამჩირეში პორტის განთავსებით რუსები ანაკლიიდან მხოლოდ 36 კილომეტრში იქნებიან.

"ამ პროექტმა, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის ქვეშაა და მასში უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ, მოსკოვის მხრიდან მკვეთრი მტრობა გამოიწვია. რუსებისთვის ეს მისი ნეიტრალიზების საშუალებაა. ვინ განახორციელებს ინვესტიციას პორტში, რომელიც დაბომბვის საფრთხის ქვეშაა?", - თქვა კეზერაშვილმა.

რაც შეეხება საფრთხეებს, იგი მიიჩნევს, რომ თუ ეს პორტი უკრაინის სამიზნე გახდება, საქართველო შესაძლოა ლეგალურად იქნას კონფლიქტში ჩათრეული. გარდა ამისა, არსებობს რისკი იმისა, რომ "რუსეთს შესაძლოა შავ ზღვაში საქართველოს სხვა პორტების ხელში ჩაგდება მოუნდეს".

კეზერაშვილის აზრით, პორტის განთავსებაზე საქართველოს მთავრობის რეაგირება სათანადო არ იყო:

"საქართველოს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებში უნდა გამგზავრებულიყვნენ და განგაში აეტეხათ. საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის დაუშვებელია და საფრანგეთის შუამავლობით მოლაპარაკებული, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებისას დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

მაგრამ ეს არაა სიურპრიზი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისგან, რომელიც მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს - რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნით, რუსებისგან ნავთობის შესყიდვით და სანქციების მიუხედავად აღჭურვილობის მიწოდებით", - თქვა ინტერვიუში დავით კეზერაშვილმა.


close დახურვა