logo
ENG



"ამ დასკვნით საკონსტიტუციო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში"-პრეზიდენტის წარმომადგენლები

16 ოქტ 202318:14
3 წუთის საკითხავი
clock 557
2023/10/16/gb59ghlcgqkbmao.png

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარმომადგენები მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი აცხადებენ, რომ სასამართლოს დღევანდელი დასკვნა ტენდენციურია და "ერთი ერთში" იმეორებს წარდგინების ავტორების მოსაზრებებს.

ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებმა პრესკონფერენციაზე იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში".

"ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, დასაბუთებებს და დასკვნა არის ტენდენციური. ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი ერთში გაიზიარა წარდგინების ავტორების მოსაზრებები. რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში, მხოლოდ შეავსეს გარკვეული განმარტებებით. პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის 1 პუნქტია ა ქვეპუნქტში. სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის მიღმა და საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს აქვს თუ არა მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. სამართლებრივი არგუმენტაცია მან თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თქვენ თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას, დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს აკეთებს იმ ხედვებზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება და იყენებს ფრაზებს, რომ ის მაინც არ შევა კონსტიტუციის ამა თუ იმ დათქმის სრულ განმარტებაში და ა.შ"- ამბობს კოპალეიშვილი. 

ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი წარმოუდგენლად მიიჩნევს, რომ სასამართლო საუბრობდეს "ზუსტად იმ ენით და მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს".

პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გაიმეორა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე ფორმით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ხელს შეუშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, პასუხისმგებლობას უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოც გაიზიარებს.

"სამწუხაროდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე ყოფილიყო, როდესაც ვკითხულობთ დასკვნას მიმყარდება ეს განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების დროს. პირველო წუთიდან როდესაც სხდომა დაიწყო, გასაგები გახდა, სად იდგა მოსამართლეთა უმრავლესობა. მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა. [...]

ამ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება, ძალიან სერიოზულად არის დამაზიანებელი საქართველოს დასავლური კუთხისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ჩვენ აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან და დაგვაკარგვინა სტატუსის მიღების შესაძლებლობა, პასუხისმგებლობას შედეგზე საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო"- ამბობს ჩუგოშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან

 

 


close დახურვა