logo
ENG



ბაიდენი ნეთანიაჰუს საავადმყოფოს დაბომბვაზე: ჩანს, რომ სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ

18 ოქტ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/20ycfy75zjmjxqr.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელიც ისრაელში ჩავიდა, ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომვას ეხმაურება. როგორც მან ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, "როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა ჩაიდინა". 

"ღრმად ვარ დამწუხრებული. აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით. იმის მიხედვით, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ. მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ამაში დარწმუნებული არ არის", - უთხრა მან ნეთანიაჰუს. 

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საავადმყოფოში ომში დაჭრილი მოქალაქეების გარდა, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომელიც თავს აფარებდა.

BBC-ის ცნობით, ჰამასმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს მიანიჭა და საავადმყოფოზე თავდასხმა შეაფასა, როგორც "სამხედრო დანაშაული".

ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმას და აღნიშნავენ, რომ "საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე". თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.

IDF-ში დაზვერვის მიერ მოპოვებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი ისლამური ჯიჰადია. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა.

დღეს, 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

 

close დახურვა