ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარულ დახმარებას დაუშვებენ - ის აქვე აღნიშნავს, რომ მარაგის შესვლას ისრაელის ტერიტორიიდან არ დაუშვებს იქამდე, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
"პრეზიდენტ ბაიდენის მოთხოვნის გათვალისწინებით, ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას არ შეუშლის ხელს, სანამ მასში შედის წყალი, საკვები და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საჭირო მედიკამენტები... და სანამ დახმარება არ მოხვდება ჰამასის ხელში", - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
დღეს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი გაიმართა - ის შეხვდა ცოტა ხნის წინ ფორმირებულ ე.წ. ომის კაბინეტს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ამასთან, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა.
ვიზიტის დასრულების წინ ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს. აქვე მან აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დათანხმდა.