logo
ENG



"სიძულვილის ენასა" და "უხამსობაზე" სადავო ცვლილებები პარლამენტმა III მოსმენით მიიღო

19 ოქტ 202318:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/z1lwlruwpmjyor4.jpg

პარლამენტმა "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.   

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღდეგი იყო.

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს. 

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა. 

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. 

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.


close დახურვა