logo
ENG



9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა - რუსთაველზე კი მემორიალი ჯებირებშია მოქცეული

09 აპრ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი, 29 კი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან გავიდა. წელს ამ დღეს საქართველო გასული წლებისგან განსხვავებულად ხვდება.

მას შემდეგ, რაც 1989 წლის 9 აპრილს ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა, და მიუხედავად ამისა, მოსახლეობა რუსთაველზე პანაშვიდზე მაინც მივიდა, ქვეყნის ისტორიაში ამ დღეს ისევ კომენდანტის საათია. რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა მემორიალთან მისვლა ღამით ვერავინ შეძლო. ამ შეზღუდვის გარდა, მემორიალთან მიახლოებას მოქალაქეები ვერც დღის განმავლობაში შეძლებენ.

მერიამ პარლამენტის წინ მდებარე მოედანი და მათ შორის 9 აპრილის მემორიალი დაკეტა. უკვე მეოთხე თვეა თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი ჯებირებსა და კედლებშია მოქცეული. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი ქიმიური აირით მოწამლეს. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. უკვე 29 წელია, რაც ქვეყანაში დამოუკიდებლობა აღდგა. 

"9 აპრილს ეს უბედურება რომ მოხდა აქ ვიყავით. მაშინ მე გადავრჩი, მაგრამ რამდენი დაიღუპა. რუსები დასარბევად თავისუფლების მოედნიდან წამოვიდნენ. ნიჩბებით და სპეცტექნიკით დაგვერივნენ. დილის 7 საათიდან აქ ვარ, რამდენიმე კაცი კიდე ვნახე. მოვიდნენ სანთლები დაანთეს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

9 აპრილის ტრაგედიის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ მემორიალთან მისვლის პრობლემას არა საგანგებო მდგომაროება, არამედ მერიის მიერ დამონტაჟებული ჯებირი ქმნის. 

"საგანგებო მდგომარეობა იმდენად არ უშლის ხელს ამ ყველაფერს, რამდენადაც მწვანე კედელი. იმ ადამიანების მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს, რადგან ისინი იბრძოდნენ დასავლური ღირებულებებისთვის", - ამბობს მოქალაქე. 

ამავე თემაზე: 9 აპრილი - გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე

 


close დახურვა