ხვალ, 9 ოქტომბერს, გერმანიიდან თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბრუნდება. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათისთვის ჩამოვა და ადგილზე ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დახვდება.
მისი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მუხთარლი საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის, ასევე, მედიას შეხვდება და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა. მუხთარლის ოჯახს გერმანიაში თავშესაფარი აქვს მიღებული.
მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.
აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციის უფლებები საქართველოს (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლის) იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.