ABC News-მა გადაცემა The View-ის წამყვანი ვუპი გოლდბერგი 2 კვირით ჩამოაშორა გადაცემას მას შემდეგ, რაც გოლდბერგმა განაცხადა, რომ "ჰოლოკოსტი არ ყოფილა რასასთან კავშირში".
ამერიკულმა არხმა ABC News-მა გოლდბერგის დროებითი გათავისუფლების შესახებ სამშაბათს ღამით ოფიციალური განცხადება გააკეთა. მანამდე, სამშაბათს დილით გოლდბერგმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
„მე დაუყოვნებლივ ვუწყვეტ ვუპი გოლდბერგს მუშაობას 2 კვირით მისი არასწორი და მტკივნეული კომენტარების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ვუპიმ ბოდიში მოიხადა, მე მას ვთხოვე რომ საკუთარ კომენტარებზე ფიქრს დრო დაუთმოს და გაიაზროს მათი გავლენა.
მთლიანად ABC News-ის ორგანიზაცია სოლიდარულია ებრაელი კოლეგების, მეგობრების, ოჯახებისა და საზოგადოების მიმართ", - განაცხადა ABC News-ის პრეზიდენტმა კიმ გოდვინმა ოფიციალურ განცხადებაში.
გოლდბერგმა ჰოლოკოსტის შესახებ კომენტარი ორშაბათს ტენესის სკოლაში ჰოლოკოსტთან დაკავშირებული გრაფიკული ნოველა MAUS-ის აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა.
„ვიყოთ გულწრფელები, ჰოლოკოსტი არაა რასაზე. ეს ადამიანის მხრიდან სხვა ადამიანის მიმართ გამოჩენილ არაჰუმანურობაზეა. ეს თეთრკანიანთა ორი ჯგუფია.
თქვენ მთავარი საკითხი გრჩებათ ყურადღების მიღმა, მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაშიცაა სინამდვილეში საქმე. ეს იმაზეა, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს. ეს პრობლემაა. არ აქვს მნიშვნელობა შავკანიანი ხარ, თეთრკანიანი თუ ებრაელი - ყველა ერთმანეთს ჭამს“ - განაცხადა ვუპი გოლდბერგმა ორშაბათს გადაცემაში.
არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა და დაგმო გოლდბერგის ეს კომენტარი. ებრაულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიდეფამაციის ლიგამ კი გოლდბერგის განცხადებას საშიში უწოდა.
გოლდბერდმა ამ განცხადებების შესახებ ბოდიში ორშაბათს ტვიტერით მოიხადა, სამშაბათს კი გადაცემა The View კიდევ ერთი ბოდიშით დაიწყო.
„გუშინ ჩვენს შოუში საუბრისას მე შეცდომა დავუშვი. მე ვთქვი ისეთი რამ, რაზეც ვგრძნობ იმდენ პასუხისმგებლობას, რომ შეუმჩნევლად ვერ დავტოვებ, რადგან ჩემმა სიტყვებმა გაანაწყენა ბევრი ადამიანი, ეს კი ჩემი მიზანი არ ყოფილა.
მე ვთქვი, რომ ჰოლოკოსტი არ ეხებოდა რასას, არამედ ადამიანის მეორე ადამიანისადმი არაჰუმანურობა იყო. მაგრამ ეს ნამდვილად ეხებოდა რასას, რადგან ჰიტლერი და ნაცისტები ებრაელებს უფრო დაბალ რასად მიიჩნევდნენ.
სიტყვები მნიშვნელოვანია და არც ჩემია გამონაკლისი. მე ვნანობ ჩემს კომენტარებს და როგორც აღვნიშნე, ახლა სწორ პოზიციაზე ვდგავარ. მე ასევე ვდგავარ ებრაელი ხალხის გვერდით და მათ ისევე, როგორც თქვენ ეს იცით, რადგან მე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი" - განაცხადა ვუპი გოლდბერგმა სამშაბათს.