ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია, "სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის" მიიღო.
რეზოლუციაში ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზეა საუბარი. ამასთან, ის ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას.
რეზოლუციაში დაგმობილია კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სამოქალაქო საზოგადოებებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარები და დემონსტრანტების ცემა.
"ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას რუსული კანონის მიღებით და მოითხოვს მის გაუქმებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერას, რომლებიც რუსული კანონის მთავარი სამიზნეა. მათ დაცვას და გადამწყვეტ როლს დემოკრატიული პროგრესისთვის. კოპენჰაგენის კრიტერიუმების სრულ დაცვას, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან მორგების პროცესში" - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ასევე რეზოლუცია მხარს უჭერს: პირობების შესრულების საფუძველზე, საქართველოს სრულ ხელმისაწვდომობას გაწევრიანების წინა ფინანსური დახმარების ფონდებზე, რათა დაეხმაროს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს:
-ევროპარლამენტის Renew Europe-ს ჯგუფს, მოახდინოს მობილიზება ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერისთვის.
- დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს პერსონალური სანქციები ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოს განდევნისა და ავტორიტარიზმისკენ სვლისკენ.
- დასრულდეს ქართული ოცნების დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ.
- შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
- შეწყდეს სამართლებრივი დევნა აქტივისტებისა და დემონსტრანტების, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და გაუქმდეს მათი სასჯელი.
- ახალმა, დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღოს ვალდებულება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.
- ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს გაზარდონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არჩევნების გაძლიერებულ მონიტორინგთან ერთად.
- ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, დაუწესოს სანქციები ევროკომისიამ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული კანონის მიღებასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში.
- ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანოებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან.