logo
ENG



AP-მა მარიუპოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ მცირე, 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა

22 დეკ 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/yp99t6m12wciujr.jpg
Maxar Technologies

გამოცემა Associated Press-მა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, ოკუპირებულ მარიუპოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მცირე 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა.

გამოცემის თქმით, საფლავების უმეტესობა სტარი კრიმის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. მარტიდან დეკემბრამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზის შედეგად დადგინდა ის ადგილები, რომლებიც ოკუპანტებმა მასობრივი საფლავებისთვის გამოიყენეს.

AP-მა გაზომა სტარი კრიმის სასაფლაოს ტერიტორიის ფართობის ზრდა მარტიდან დეკემბრამდე.

გამოცემამ დაადგინა, რომ მანამდე არსებული სასაფლაოს გარშემო ახალი საფლავების გაჩენით ტერიტორია 51 500 კვადრატული მეტრით გაფართოვდა.

Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ ფოტოებში მარიუპოლში მდებარე სტარი კრიმის სასაფლაოს ფართობის ზრდაა ასახული. ზედა ფოტო 2022 წლის 29 მარტსაა გადაღებული, 20 ნოემბერს გადაღებულ ქვედა ფოტოზე კი დამატებითი საფლავები ჩანს.

Associated Press-მა ასევე გააანალიზა დრონებით გადაღებული ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ რუსები მძიმე ტექნიკას იყენებდნენ ამ ტერიტორიაზე მიწის ამოსათხრელად, რომელიც შემდეგ კვლავ მიწით ამოავსეს. გამოცემის ცნობით, საფლავები ამოცნობადია მიწის ბორცვებით. ამ საფლავების ნაწილზე ხის ჯვრებიც ჩანს დაღუპულების სახელებითა და თარიღებით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საფლავები მხოლოდ დანომრილია. რამდენიმე საფლავზე რამდენიმე ციფრია მითითებული, რაც გამოცემის აზრით, მასში დასაფლავებული ადამიანების რაოდენობაზე შესაძლოა მიუთითებდეს.

„AP-მა ასევე გააანალიზა ვიდეო მასალა, რათა დაეთვალა საფლავების რიცხვი სასაფლაოს კონკრეტულ ნაწილებში, გამოითვალა რომ  დაახლოებით 6 მეტრ კვადრატს ტერიტორიაზე თითო საფლავია. AP-მ ეს გამოთვლები მოარგო მთელ იმ ტერიტორიას, სადაც ახალი სამარხები იყო გაკეთებული. AP-მ შემდეგ იგივე მეთოდოლოგია გამოიყენა ახლომდებარე 2 შედარებით მცირე ზომის სასაფლაოებზე სოფლებში მანგუში და ვინოჰრადნე, სადაც მარტის შემდეგ მსგავსი მასობრივი საფლავები ამოთხარეს. დამატებით, იქ არის საფლავი რომლებიც ალყის დროს უკრაინელებმა ამოთხარეს“ - წერს გამოცემა.

AP-ის ცნობით, სამმა სასამართლო არქეოლოგმა, ვისაც ომის დანაშაულების გამოძიებაში მასობრივი საფლავების კუთხით გამოცდილება აქვთ, განაცხადა, რომ ეს ანალიზი გამართულია და ეფუძნება იმ შეზღუდულ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია იმ პირობებში როცა საფლავებზე წვდომა შეზღუდულია.

როლანდ ვესინგმა, ვინც ბოსნიაში, ხორვატიასა და ერაყში მასობრივი საფლავების აღმოჩენაში იღებდა მონაწილეობას, განაცხადა რომ საფლავების რიცხვი შესაძლოა მოკლული უკრაინელების რაოდენობას არ ემთხვეოდეს.

ამ ანალიზით ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, როგორ დაიღუპნენ ამ ტერიტორიაზე დაკრძალულები.  


close დახურვა