logo
ENG



Amnesty International: აქციების დაშლისას გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო

27 ნოე 201921:29
3 წუთის საკითხავი
 
xtct7t1qlk0f6pu.jpg

Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე მოვლენებსა და სპეცრაზმის გამოყენებით საპროტესტო აქციების დაშლას საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არასასურველი ძალის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ძალა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დაშლის სოციალურ აუცილებლობას დაადასტურებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრაციამ ხანგრძლივი დროით მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია.

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ არაძალისმიერი საშუალებები ეფექტიანი აღარ არის, ხოლო სამართალდამცველებმა ზიანისა და დაზიანებების მინიმუმამდე დაყვანა უნდა სცადონ. იმ მშვიდობიანი შეკრებების დაშლისას, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით უკანონოა, სამართალდამცველებმა უდიდესი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ, ხოლო თუ ძალის გამოყენება გარდაუვალია, ის დემონსტრანტების წინააღმდეგობის დონის შესაბამისი უნდა იყოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამსთან, Amnesty International-ი ეხმაურება წყლის ჭავლის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი: „წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტუალურ ფაქტორებსაც, როგორიცაა ძალიან ცივი ამინდი, რომელმაც შესაძლოა მისგან გამოწვეული ზიანი კიდევ უფრო გააღრმავოს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლება ახსენებს, რომ ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების თაობაზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლი სერიოზული საზოგადოებრივი არეულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანებების მიღების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების ალბათობა. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების 15 დღემდე ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა იმის გამო, რომ ისინი შეეწინააღმდეგნენ პოლიციის მითითებებს სახელმწიფო შენობის შესასვლელების გახსნის შესახებ.

„ამგვარი ქმედება არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავისუფლების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე, ამგვარი პრაქტიკა შეკრების თავისუფლების თაობაზე ქართველი ხალხის აღქმას მნიშვნელოვნად შეასუსტებს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 და 26 ნოემბერს სამართალდამცველმა ორგანოებმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

 


close დახურვა