logo
ENG



Amnesty International: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას აფგან სადიგოვის ექსტრადიცია

06 აგვ 202420:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/xve6a6zg32hse1t.jpg

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილის დენის კრივოშეევის განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადიციის მცდელობები - საერთაშორისო სამართლით დადგენილი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპიდან გამომდინარე - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას მოითხოვენ", - აცხადებს დირექტორის მოადგილე.

დენის კრივოშეევის თანახმად, აფგან სადიგოვის ექსტრადირება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მას და ის უფლებების დარღვევის, მათ შორის, წამების, უკანონო დაკავებისა და არასამართლიანი სასამართლო პროცესის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც "თავიანთი გამოხატვის უფლების გამოყენების გამო" დააკავა.

3 აგვისტოს საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

თავდაპირველად ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი - შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა. 

4 აგვისტოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა