დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფარულად ამუშავებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ახალ გეგმას და ამ თემაზე მოსკოვთან კონსულტაციებს ატარებს. ინფორმაციას Axios-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი 28 პუნქტისგან შედგება და ოთხ ნაწილად იყოფა: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან. წყაროების თქმით, იდეა შთაგონებულია ტრამპის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული სამშვიდობო ინიციატივებით.
რუსეთში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ მოსკოვი ამ გეგმას „ოპტიმისტურად“ აფასებს. მედიის ინფორმაციით, მის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი სავარაუდოდ აქვს სტივ უიტკოფს, რომელიც რუსული მხარის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან ერთად მუშაობს დოკუმენტის დეტალებზე.
გეგმის ყველაზე სენსიტიური საკითხი - უკრაინის ტერიტორიების მომავალი - ჯერჯერობით გაურკვეველია. Axios-ის მიხედვით, თეთრმა სახლმა უკვე დაიწყო ევროპელი ლიდერების ინფორმირება. ამერიკელი წყარო აცხადებს, რომ ტრამპის გუნდში ფიქრობენ: ინიციატივას რეალური შანსი აქვს მიიღოს უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერა.
