logo
ENG



BBC: ბელარუსს არმიის დანაყოფები მზადყოფნაში მოჰყავს, შესაძლოა, ომში მალე ჩაერთონ

28 თებ 202201:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/23v6j8x9a8m6x4b.jpg

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ბელარუსს ჯარი სამხედრო მზადყოფნაში მოჰყავს, წყაროების ცნობით, შესაძლოა, ეს დანაყოფები ბრძოლაში მალე ჩაერთონ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს ბელარუსის ტერიტორიაზე საავიაციო ტექნიკისა და სპეცრაზმის მობილიზებას. მათი ცნობით, აეროდრომ მაჩულიშთან (მინსკთან) მობილიზებულია 50-ზე მეტი თვითმფრინავი, 10 ვერტმფრენი და ორი AH-124 თვითმფრინავი. ბარანოვიჩის და მაჩულიშის აეროდრომებიდან რეგულარულად ფრინდებიან სატრანსპორტო თვითმფრინავები უკრაინის მიმართულებით. ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა მათი დანაყოფების ნაწილი.

რეპრესირებულთა ფონდის BYSOL-ის დამფუძნებელმა ანდრეი სტიჟაკმა BBC-ის რუსულ ბიუროს უთხრა, რომ ორშაბათს, მოსკოვის დროით დილის 5 საათზე ბელარუსის ერთერთი საჰაერო-სადესანტო ნაწილი უკრაინაში გადაიგზავნება საომარი მოქმედებებისთვის. სტრიჟაკი ამ ინფორმაციის წყაროდ არმიის წარმომადგენელს ასახელებს, რომელმაც მსგავსი ბრძანებები მიიღო. სტიჟაკის თქმით, ბელარუსის არმიის ომში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სხვადასხვა დანაყოფი ოპერაციაში სხვადასხვა დროს ჩაერთვება. მისივე თქმით, რუსეთი მისი სამხედრო გეგმების შეფერხების გამო შემდეგ კოზირს იყენებს - სატელიტების არმიის ჩართვას.

მანამდე, ზელენსკისთან საუბარში ლუკაშენკომ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის მისვლისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფი თვითმფრინავები, ვერტმფრენები და რაკეტები მიწაზევე დარჩება. რუსებსა და უკრაინელებს შორის შეხვედრა ორშაბათს, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უნდა გაიმართოს.


close დახურვა