logo
ENG



BBC: პრეზიდენტის სასახლეში თალიბანის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

15 სექ 202111:01
3 წუთის საკითხავი
 

BBC-ს წყაროს ინფორმაციით, ავღანეთის დროებითი მთავრობის გამო თალიბანის ლიდერებს შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც წყარომ თალიბანიდან გამოცემას უთხრა, გასულ კვირას პრეზიდენტის სასახლეში მოძრაობის დამფუძნებელი და ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ეკამათა ჰალილ ჰაკანის, რომელიც ლტოლვილთა საკითხების მინისტრი და "ჰაკანის ქსელის" ერთ-ერთი წარმომადგენელია. ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კონფლიქტში ორივე მხარის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარადარის უკმაყოფილების მიზეზი ავღანეთის ახალი მთავრობის სტრუქტურა გახდა. თუმცა ამტკიცებენ, რომ დაპირისპირების რეალური მიზეზი გახდა კამათი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს მიჩნეული თალიბანის გამარჯვების მთავარ შემქმნელად. ბარადარი მიიჩნევს, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლა იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მოლაპარაკებებითა და დიპლომატიით იყო დაკავებული, ანუ ისეთების, როგორიც თვითონაა. ამასთან, "ჰაკანის ქსეილს" წევრები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი სამხედრო წარმატებებმა გადაწყვიტა.

თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებიდან სწორედ ბარადარი იყო პირველი, ვინც აშშ-ს პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა: 2020 წელს ის ტელეფონით დონალდ ტრამპს ესაუბრა. მანამდე, მან ხელი მოაწერა შეთანხმებას დოჰაში, რომლის თანახმადაც ავღანეთიდან გავიდნენ ამერიკელი სამხედროები.

ამასთან, "ჰაკანის ქსელს" აკავშირებენ ყველაზე სისხლიან თავდასხმებთან, რომლებიც ავღანეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებულა. ქსელის ლიდერი სირანჯუდინ ჰაკანი ახალ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

ხმები კონფლიქტის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა, როცა ბარადარი მოულოდნელად საჯაროდ აღარ ჩნდებოდა. წყარომ BBC-ს უთხრა, რომ მან ქაბული დატოვა და ყანდაარში გადავიდა.

თალიბები ამტკიცებენ, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ბარადარი უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებენ. თავდაპირველად მათ განაცხადეს, რომ ბარადარი ყანდაარში უზენაეს ლიდერს ხვდება, თუმცა მოგვიანებით BBC-ს უთხრეს, რომ ბარადარი დაიღალა და დასვენება სჭირდება.

წყაროები ამბობენ, რომ ბარადარი შესაძლოა მალე დაბრუნდეს ქაბულში და საჯაროდ უარყოს ინფორმაცია კაბინეტის წევრებთან კამათის შესახებ. 


close დახურვა